logo
ENG



"ვიწყებთ მუშაობის ახალ ეტაპს, ვგეგმავთ აქციის გამართვას" - გვარამიას თავისუფლების მოძრაობა

20 აპრ 202312:01
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომ პრეზიდენტმა სააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია.

ბაჩანა შენგელიას თქმით, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს, რათა აიძულონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ნიკა გვარამიას გათავისუფლება. მისივე თქმით, მოძრაობა უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

"ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა 4 მოსამართლე, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. სალომე ზურაბიშვილი ამ ბერკეტის არ გამოყენებით და უმოქმედობით პრაქტიკულად თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებისა, ახანგრძლივებს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.

ამ კონტექსტში მიგვაჩნია, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა ევროპარლამენტში 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ჩვენი მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციას, რათა კოორდინირებული მოქმედებით, მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და ვაიძულოთ ისინი, უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ ნიკა გვარამია, რაც აღადგენს კანონიერებას და დაგვაახლოებს ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ჩვენ ასევე ვგეგმავთ საპროტესტო აქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა, რაც შეიძლება მალე, დასრულდეს", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა 16 თებერვალს დაფუძნდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა